სტატიები

ფსიქოთერაპია

ადამიანის ემოციები და მისი ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, სტრესზე ორგანიზმი რეაგირებს მომატებული წნევით, გულისცემით, კუნთების მომატებული ტონუსით. ეს ორგანიზმის უძველესი რეაქციაა, რომელიც სასარგებლოა ველურ გარემოში გადასარჩენად, თუმცა ხშირად საზიანოა თანამედროვე ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ ოფისში ან ხალხმრავალ ადგილას ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ემოციების გადაქცევა ქმედებებად, აგრესიით პასუხის გაცემა, ან გაქცევა. თუმცა, აქტიური ნივთიერებები უკვე შერეულია სისხლში და მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. აქედან ჩნდება გაურკვეველი ტკივილები გულის არეში, მომატებული წნევა, კუნთების სპაზმი. ეს ყველაფერი შეიძლება შევაფასოთ როგორც ემოციები, რომლებიც არ გარდაიქმნა ქმედებად, დარჩა ორგანიზმში და იქცა ფსიქოსომატურ დაავადებად. გარდა კუნთოვანი რეაქციებისა, თავის ტვინში ჩნდება აღგზნების კერა, რომელიც იწვევს ტვინის მუშაობის დარღვევას. ამგვარად, ფსიქოსომატური დაავადებები, რომლებიც გამოხატულია ორგანიზმის დისკომფორტით, რეალურად ფსიქოგენური ხასიათის მატარებელია. სწორედ ასეთი პრობლემების სამკურნალოდ არის ფსიქოთერაპია ეფექტური. ის განსაკუთრებით სასარგებლოა, თუკი კვლევების მეთოდები არ აჩვენებს ორგანოს ცვლილებებს. მაგალითად, თუკი ულტრასონოგრაფიულ და რენტგენოლოგიურ კვლევაზე ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ პაციენტი უჩივის ტკივილს და სხვა დარღვევებს. ფსიქოთერაპია გვეხმარება ჩახშობილი ემოციების გამოვლენაში და გარკვეულ გრძნობებზე რეაგირების გამოვლენაში. როგორც კი ფსიქოთერაპევტი დაგეხმარებათ შინაგანი კონფლიქტის გადაჭრაში, თქვენ გათავისუფლდებით კუნთოვანი დაძაბულობისა და ბლოკირებისგან. ეს კი, თავის მხრივ, დაეხმარება ორგანოს ან მთლიან სისტემას სწორად მუშაობაში, რაც გამოჯანმრთელებამდე მიგვიყვანს.

ვის ეხმარება ყველაზე მეტად ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია უფრო მეტად ეფექტურია იმ ადამიანებში, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ პრობლემას და მზად არიან მათი გადაჭრისთვის აუცილებელი ზომების მიღებისთვის. წარმატების დამატებითი კრიტერიუმები არის ფსიქოთერაპევტის პროფესიონალიზმი და მისი შეწყობა კონკრეტულ პაციენტთან.

როდის არის საჭირო ფსიქოთერაპევტთან მიღებაზე წასვლა?

თუკი ადამიანი გრძნობს, რომ მას ცხოვრებაში ხელს უშლის შიშები, უძილობა, შფოთვა, აქვს ნევროზული დარღვევები, საჭიროა დაფიქრება ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე. სეანსი ასევე დაეხმარება მათ, ვინც გადაიტანა მძიმე სტრესი, ან დიდ მწუხარებას განიცდის. მეთოდი ეფექტურია საბავშვო და მოზარდთა ასაკის პრობლემებისა და ოჯახური კონფლიქტების დროს. ფსიქოთერაპია ასევე დაგეხმარებათ სხვადასხვა სახის დამოკიდებულებების დაძლევაში.

რა მიზნები აქვს ფსიქოთერაპიას?

ფსიქოთერაპიის მთავარი მიზანი არის ადამიანის მიერ ნებისმიერ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავების უნარის ჩამოყალიბება. ადამიანი სწავლობს სტრესის დაძლევას, უმკლავდება ნებისმიერ სფეროში არსებულ არჩევანს და გამოიმუშავებს სწორ ქცევით სტრატეგიებს. ფსიქოთერაპევტი არ ჭრის პრობლემებს პაციენტის ნაცვლად, ის უბრალოდ დახმარებას უწევს ადამიანს პრობლემებთან გამკლავებაში.